„ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების თხოვნას ანგარიშს გაუწევს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს დეკემბრამდე აღარ დაამტკიცებს“.

კობახიძის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიეღო.

ის აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 რეკომენდაციიდან.
 
ირაკლი კობახიძის განცხადებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სთხოვა, არ მიეღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო - მესამე მომსმენით მიღებას, თუმცა იცით, რომ პრემიერს ბრიუსელში ვიზიტი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე შეხვედრები შედგა, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროსაბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას“, - განუცხადა მედიას კობახიძემ კახეთის რეგიონში, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას ესწრება. 

22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით.

GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.